მეცხრე მე-2 კლასის მოსწავლეების პროექტი ,,ხუროთმოძღვრების ძეგლები ჩემს მხარეში’’!

მეცხრე მე-2 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი - ლია გოგოხია) გადაწყვიტეს პროექტის ,,ხუროთმოძღვრების ძეგლები ჩემს  მხარეში’’ განხორციელება. პროექტის შესრულება მათ ლაშქრობით თბილისი-წყნეთი-კიკეთი-ბეთანია  დაიწყეს.  2018 წლის  30 სექტემბერს  სწორედ ბეთანიაში ჩამოაყალიბეს პროექტის მიზანი.

პროექტის მიზანია მოახდინოს ქართული ხუროთმოძღვრული და კულტურული ძეგლების პოპულარიზაცია თანატოლებს  შორის.  გაუღვივოს მათ უფრო მეტის ცოდნის სურვილი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე, გააცნოს მათ თითოეული ძეგლის ისტორია, თუ როდის და ვის მიერ აიგო  თითოეული მათგანი, რა როლს ასრულებდა და ასრულებს ყოველი ხუროთმოძღვრული თუ კულტურული ძეგლი საქართველოსა და ქართული მწერლობის განვითარებაში, ერის ცოდნის გაღრმავებაში, პროექტის მიზანია მოსწავლეებს გაუჩინოს სურვილი იმისა, რომ დაიცვან, მოუარონ და მოსპობას გადაარჩინონ თითოეული კულტურული თუ ხუროთმოძღვრული ძეგლი. 

პროექტის შედეგად მოსწავლეებს  წარმოდგენა შეექმნებათ ჩვენს ისტორიულ წარსულზე, შექმნიან ცნობარს ,,გზამკვლევს’’ ქართულ, რუსულ და ინგლისურ და ესპანურ ენებზე.  პროექტი მნიშვნელოვანი იქნება  მოსწავლეებისთვის, რადგან  ისინი ხშირად დადიან ექსკურსიებზე, ქალაქგარეთ... და არა მარტო მათთვის. უამრავი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, რომელთაც არ იციან, სად წავიდნენ ან რა ნახონ. მოსწავლეთა მიერ შექმნილი ,,ცნობარი გზამკვლევი’’ კი ყველას დაეხმარება, რათა უცებ და ოპერატიულად მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და შესაბამისად დაგეგმონ დღე. ინფორმაციას მოიპოვებენ სხვადასხვა ლიტერატურიდან, ინტერნეტიდან, ენციკლოპედიებიდან, ჰკითხავენ რჩევებს ისტორიკოსებს, თეოლოგებს, უშუალოდ ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირებს თითოეული ხუროთმოძღვრული ძეგლის ისტორიასთან დაკავშირებით და ჩაატარებენ სოციოლოგიურ კვლევას  სკოლაში.

 

 


ზემოთ